English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ პაატა კოღუაშვილი ბადრი რამიშვილი
მიწის სტრატეგიის ფუნდამენტური საკითხები: მიწის სტრატეგია - სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველი

რეზიუმე

მიწის საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ხოლო ისეთი მცირე  ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ქვემოთ მოტანილ ნაშრომში ყურადღების კონცეტრაცია ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანის საკითხის გარშემო და  ეს პრობლემა გაანალიზებულია ისეთი კატეგორიების ჭრილით, როგორიცაა მიწის ფასი, მიწის რენტა, დემოგრაფიული ვითარება, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდირება და ა.შ. დასკვნის სახით სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ საქართველოში დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების  თავისუფალ საერთაშორისო ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვან ნაწილს და რენტაბელური აგრარული სექტორის განვითარების შესაძლებლობას.

საკვანძო სიტყვები: სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მიწის რენტა, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.

შესავალი

საქართველოში არ წყდება დისკუსია მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კვლავაც აქტუალურია მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო მიწის თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესახებ, რაც თითქოს ეკონომიკური არგუმენტებით საბუთდება. აღნიშნული პოზიციის მქონენი აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა გაზრდის მის ღირებულებას და შესაბამისად მოიმატებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების კაპიტალიზაცია, რაც ფერმერების მიერ ფინანსური რესურსების მოძიებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს. კლასიკური ეკონომიკური გაგებით, რაც უფრო დიდია მოთხოვნა საქონელზე, მით მეტია მისი ფასი, თუმცა ეს ერთი შეხედვით უდავო ჭეშმარიტება მხოლოდ ნაწილობრივ, გარკვეულ ფარგლებში ასახავს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფასწარმოქმნის მექანიზმს და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაძვირების მხოლოდ ამით დასაბუთება ეკონომიკური პრიმიტივიზმია. ჩვენ შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ზემოაღნიშნული პოზიციის აბსურდულობა და მკაფიო, ეკონომიკური ლოგიკის საფუძველზე დავასაბუთოთ მოსაზრება, რომ სასოფლო-სამერუნეო მიწების თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანა ვერ შეუწყობს ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო გრძელვადიანი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს რომ დამღუპველია, ამის შესახებ არაერთხელ მიგვითითებია.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფასწარმოქმნის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინეული მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მიწის რენტა და სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მიწის ფასის განსასაზღვრელი ფორმულის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ მიწის რენტაა. თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწის რენტის უმნიშვნელოვანესი მდგენელი სავარგულის ნაყოფიერებაა. ქვემოთ წარმოდგენილია მიწის ფასის განსაზღვრის საყოველთაოდ აღიარებული ფორმულა:

           (1)

სადაც, რენტა მიწის წლიური საიჯარო გადასახადია, სგ კი – სესხის რეალური საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საიჯარო გადასახადი პირდაპირაა დაკავშირებული მიწის ნაყოფიერებასთან, მის ხარისხთან, გასაღების ბაზრებსა და კომუნიკაციებთან სიახლოვესთან. როგორც ამას ჯერ კიდევ დავიდ რიკარდო აღნიშნავდა, მიწის ფასს განაპირობებს მასზე მოწეული პროდუქციის ღირებულება და არა პირიქით[1]. ეკონომიკური თეორიის დიდი კლასიკოსის ამ მიგნებას გამოვიყენებთ ჩვენი შემდგომი მსჯელობის დროსაც.

სტატიის დასაწყისში გავაკრიტიკეთ მტკიცება, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნის ზრდა პერმანენტულად იწვევს მიწის ფასის მატებას. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული ჭერი, რის მიღწევის შემდეგაც მიწა ფაქტობრივად კარგავს სასოფლო-სამეურნეო სტატუსს. აღნიშნულის დასამტკიცებლად არგუმენტად უპირველესად სწორედ მიწის ფასის ფორმულის ანალიზს გამოვიყენებთ.

       (2)

ფორმულა (2)-დან, რაც ფორმულა (1)-ის გარდაქმნილი ვარიანტია, გამომდინარეობს, რომ მიწის ფასის პერმანენტულად გაზრდის შემთხვევაში რენტის მოცულობაც შესაბამისად უნდა გაიზარდოს. თუმცა, ამ დროს უნდა გავიხსენოთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რენტის საფუძველი მიწის ნაყოფიერებაა და ასევე დავიდ რიკარდოს მიგნება, რომ მიწაზე მოწეული პროდუქციის ღირებულება განსაზღვრავს მიწის ფასს და არა პირიქით, მიწის ფასის შედეგად დგინდება სოფლის მეურნეობის  პროდუქციის ღირებულება. მიწის ნაყოფიერებას კი, ისევე, როგორც მოსავლიანობას, ზედა ზღვარი აქვს და  ეს მოცემულობები ტექნოლოგიური განვითარების ტემპებითაა შეზღუდული.

უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად მსჯელობისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: ვთქვათ მოთხოვნის ზრდის გამო მიწის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. არასასოფლო-სამეურნეო მიწების ზედა ზღვარი მართლაც დამოკიდებულია მოთხოვნაზე და იმის გათვალისწინებით რომ მიწა შეზღუდული რესურსია, მისი ფასი შეიძლება ძალიან მაღალიც კი იყოს. სხვადასხვა კატეგორიის მიწის ფასი მსოფლიოში საკმაოდ ვარირებს და მისი ღირებულება არასასოფლო-სამეურნეო მიწის 1 ჰა-ს შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ათეული $მლნ ან მეტიც კი იყოს.  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მსოფლიო ფასების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ნიდერლანდებში და ის $57,000 [2] აღწევს 1 ჰექტარზე. აქ ჩვენ არ განვიხილეთ მალტისა და ევროპის სხვა რამდენიმე საკურორტო რეგიონის შესაბამისი მონაცემები, რაც $100,000-150,000[2] აღწევს 1 ჰა-ზე,  რადგან ამ რეგიონებში განვითარებულია ტურიზმი, რის გამოც აქ არ არის განვითარებული მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოება  და სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებაც შესაბამისად იცვლება. რაც შეეხება ნიდერლანდებს, თუ (2) ფორმულას გამოვიყენებთ და დავუშვებთ, რომ სესხზე რეალური საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 1.5%-ს შეადგენს, მივიღებთ, რომ ამ ქვეყანაში მიწის რენტა წელიწადში დაახლოებით $850-ია. თუ ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურას და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ იქ 1 ჰა-ზე $10,000-$15,000 პროდუქციას აწარმოებენ, მსგავსი საიჯარო გადასახადი ეკონომიკურად სრულიად რეალურია.

დავუბრუნდეთ ჩვენს ჰიპოთეტურ მაგალითს და განვიხილოთ ვითარება, როდესაც 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფასი $0.5 მლნ-ს მიაღწევს, ხოლო სესხზე რეალური საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი კი 10%-ია (რაც საქართველოსთვის მინიმალურია), ასეთ პირობებში მიწის რენტა $50,000 უნდა იყოს წელიწადში. დედამიწაზე არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ტექნოლოგია, რომელიც იმგვარ მოსავლიანობას უზრუნველყოფს, რაც ამ რენტის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაფარვის შესაძლებლობას წარმოშობს. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფასი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, მიწის ეს ნაკვეთი კარგავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას, რადგან მასზე ნაყოფიერებაზე გაცილებით ძლიერი რენტის წარმომქნელი სხვა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას და მასზე ნებისმიერი კულტურის მოყვანა არარენტაბელური ხდება. მაგალითად, ხორბლის მოყვანის შემთხვევაში, ამ მოცულობის რენტის წარმოქმნისთვის მოსავლიანობა 100 ტონაზე მეტი უნდა იყოს 1-ჰაზე, კარტოფილისა კი 500 ტონაზე მეტი და ა.შ. და რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიწის ბუნებრივი ნაყოფიერების ხარჯზე. ცხადია, მსგავსი მოსავლიანობა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში წარმოუდგენელია და მომავალშიც საეჭვოა თუ მზის ენერგიის ფართობის ერთეულზე მოდინების და მცენარეების მიერ მისი შეთვისების ფაქტობრივ მონაცემებს გავითვალისწინებთ.

ჩვენ მიერ განხილული ჰიპოთეტური მაგალითი ნათლად ადასტურებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასის პერმანენტული ზრდის პირობებში, გარკვეული ზღვრის გადალახვის შემდეგ ის კარგავს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სტატუსს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი ვითარება არ ქმნის საგანგაშო სიტუაციას სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ნიდერლანდების შემთხვევაში ვითარებას ამსუბუქებს სესხის ძალიან დაბალი საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი, რაც მიწის ფასის ფორმულის ლოგიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამცირებს რენტის გადასახადს და სოფლის მეურნეობის იმგვარი დარგობრივი სტრუქტურა, რაც  სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთეულიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აშშ-ში ზემოაღნიშნული პრობლემა მწვავედ არ იგრძნობა იმის გამო, რომ  ეს ქვეყანა ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდეს ფართობებს. გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირისა და აშშ-ის შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების უმაღლესი დონე და აგრეთვე ის უდიდესი სახელმწიფო მხარდაჭერა, რაც ამ ქვეყნებში აგრარულ სექტორს გაეწევა. ამ  უკანასკნელს კვლავ შევეხებით სტატიის ბოლოს.

საქართველოში კი სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაა, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი რეგიონში უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობებია, რაც ტურიზმის განვითარებისა და სამოსახლო თვალსაზრისით საუკეთესოა და თუ ამას დავუმატებთ უკიდურეს მცირემიწიანობას და მიწის ფართობების დანაწევრებას, ეს ყოველივე მძიმე ფონს ქმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინდუსტრიალიზაციისთვის. შედეგად, საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ მიწის ფასის ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო არარენტაბელური გახადოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა და შედეგად, სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან გამოვიდეს დიდი ფართობები. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ანალიზს მოვიშველიებთ.

ჩვენ მიმდინარე წლის აპრილის პირველი ნახევრის განმავლობაში შევისწავლეთ გასაყიდად გამოტანილი სავარგულების გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასები, რისთვისაც ვისარგებლეთ უძრავი ქონების სავაჭრო საიტის myhome.ge-ის ინფორმაციით, რომელიც უპირობო ლიდერია ამ მიმართულებით. ანალიზის დროს გამოვრიცხეთ აშკარად მარგინალური მონაცემები, აგრეთვე ვაანალიზებდით ისეთი სავარგულების ფასებს, რომლებიც დაკვირვების მომენტში თავისუფალი იყო მრავალწლიანი ნარგავებისა და მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებებისგან.

ანალიზის შედეგად აშკარად გამოვლინდა საქართველოს ის რაიონები, სადაც ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი იმდენად მაღალია, რომ მათ ფაქტობრივად დაკარგული აქვთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მნიშვნელობა და ამ სახელწოდებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვაღა დარჩა. ესენია მცხეთა, ბორჯომი, დუშეთი, გარდაბანი და ზღვისპირა რაიონები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მცხეთა და ბორჯომი, სადაც ნაკვეთების დიდი უმრავლესობის ფასები 1 ჰა-ზე $50,000-$1,000,000[3] ფარგლებში მერყეობს. ზემოთ განხორციელებული ჰიპოთეტური ანალიზი რომ მოვიშველიოთ, ამგვარი მიწების 1 ჰა-ზე რენტა $5,000-$100,000 ფარგლებში უნდა მერყეობდეს, ხოლო მეწარმის შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. რაც, რომ არაფერი ვთქვათ მაღალ ზღვარზე, დაბალის მიღწევაც კი საქართველოს პირობებში შეუძლებელია. იგივე მდგომარეობაა დუშეთის, გარდაბნის და საქართველოს ზღვისპირა რაიონების მნიშვნელოვან ნაწილშიც. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ მცხეთასა და ბორჯომში თითქმის მთლიანად, ხოლო დუშეთში, გარდაბანსა და ზღვისპირა რაიონებში დიდწილად, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სასაქონლო წარმოება შეუძლებელია.

ახლა განვიხილოთ თუ რა შედეგს მოუტანს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავისუფალ საერთაშორისო ბაზარზე გატანა. ამისთვის სრულიად საკმარისია თვალი გადავავლოთ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ბუნებრივ-კლიმატურ და დემოგრაფიულ მაჩვენებლებს. სრული ჭეშმარიტება იქნება თუ დავასკვნით, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის საუკეთესო ჰავითა და ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოირჩევა. უფრო მეტიც, სამხრეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის შემდეგ იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი უდაბნოს ზონა. დემოგრაფიულ მაჩვენებლებს თუ მოვიშველიებთ, შევამჩნევთ რომ გარდა რუსეთისა, მეზობლებს შორის საქართველო ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. 2015 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში 1 კმ2-ზე ცხოვრობს 113[4] ადამიანი, სომხეთში – 103[4], თურქეთში  – 101[4], საქართველოს ანალოგიური ინდიკატორი კი 53[4] ადამიანია. ირანისა და ერაყის სიმჭიდროვის მაჩვენებლებია 50[4] და 85[4] ადამიანი შესაბამისად, რაც, მართალია, არ არის ძალიან მაღალი, სამაგიეროდ სხვა ისეთი დემოგრაფიული მონაცემები, როგორიცაა მოსახლეობის საერთო რაოდენობა და წლიური ზრდის ტემპები აქ შთამბეჭდავია. ირანის მოსახლეობა 2015 წლისთვის იყო 82[4] მლნ, ხოლო ერაყისა კი – 37[4] მლნ. ირანის მოსახლეობა წლიურად იზრდებოდა 1.2%-ით[4], ხოლო ერაყისა კი თითქმის 3%-ით[4], რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. აქვე აუცილებელია მოვიყვანოთ ისეთი ქვეყნების მოსახლეობის სიმჭიდროვის მონაცემები, როგორიცაა პაკისტანი, ისრაელი, ინდოეთი და ბანგლადეში, რომლებიც არცთუ შორს მდებარეობენ საქართველოდან, ეს მაჩვენებლებია შესაბამისად 250[4], 389[4], 381[4] და 1134[4] ადამიანი 1 კმ2-ზე შესაბამისად. მეტი თვალსაჩინოებისთვის დავძენთ, რომ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე პაკისტანის შესაბამისი რომ იყოს, აქ უნდა ცხოვრობდეს 17.5 მლნ ადამიანი, ისრაელის და ინდოეთის შესაბამისი რომ იყოს – 26-27 მლნ, ხოლო ბანგლადეშის სიმჭიდროვის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 80 მლნ-ს აღწევს.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ თუ საქართველოში მოხდება სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთაშორისო ბაზარზე თავისუფალ მიმოქცევაში დაშვება, მას შეისყიდის მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა  და, დიდი ალბათობით, ასეთი მიწების უდიდესი ნაწილი გამოვა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობას, როგორც ეკონომიკის დარგს, გაანადგურებს. მაგალითად, იმისთვის რომ ათვისებულ იქნეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მთლიანად და სატიტულო ნაცია უმცირესობაში გადავიდეს, საჭიროა მიწის შეძენის მოთხოვნა ყოველწლიურად წარმოეშვას ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ქვეყნების მოსახლეობის 0,01%-ს და ეს პროცესი გაგრძელდეს 20 წლის განმავლობაში. ასეთ პირობებში მართალია ქართული მიწები მართლაც იმდენად გაძვირდება, რომ გამოვა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან, რადგან  საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მყიდველები მათ ძირითადად სამოსახლოდ გამოიყენებენ და ასეთი მაგალითები საქართველოში უკვე არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ცალკეული ნაკვეთები დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მათ დაიკავებს ქართული ტრადიციისთვის უცხო მეურნეობა. ამასთან, მეტად დანაწევრებულ სავარგულებზე შეუძლებელი იქნება სასაქონლო წარმოება და ამას იმ მოსახლეობის მისწრაფებებიც შეუწყობს ხელს, რომელიც აბორიგენულს ჩაანაცვლებს. მაგალითად, განხილული ქვეყნების უმრავლესობის გაჭირვებული გლეხების საკმაო რაოდენობას შეუძლია რამდენიმე ჰექტრიანი ნაკვეთის შეძენა და აქ ისეთი მეურნეობის გაჩაღება, რაც მასა და მის ოჯახს სურსათით უზრუნველყოფს, ეს კი დიდი ბედნიერებაა მათთვის.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება უმნიშვნელოვანესი ელემენტია წარმატებული მეურნეობის ორგანიზებისთვის. სტატიის წინა ნაწილში მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ მთელ რიგ რაიონებში, რომელთაც სააგარაკე-ტურისტული დატვირთვა აქვთ, მიწის (და მ.შ. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების) ღირებულებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ იქ წარმოუდგენელია რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. ქვემოთ კი, ჩვენი განხილვის საგანი იქნება ის ტერიტორიები, რომლებიც უნდა დარჩეს სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში.

უძრავი ქონების სავაჭრო საიტის myhome.ge-ის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი 1 ჰა-ზე მერყეობს $500-დან $50000-მდე[3]. დიდი ამპლიტუდა გამოწვეულია  გეოგრაფიული და ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვნებით, აგრეთვე იმით, რომ ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითარება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. $500-ის ფარგლებში იყიდება ის საძოვრები, რომელთა რელიეფი პერსპექტივაშიც არ იძლევა იქ მძიმე ტექნიკისა და სარწყავი სისტემების გამოყენების შესაძლებლობას.  $1000-მდე ღირს კარგი ხარისხის საძოვრები და სათიბები, რომელთა გაკულტურებაც პერსპექტივაში შესაძლებელია. $1000-$2000 ღირს სახნავი მიწები, ამასთან, კარგ ადგილზე განლაგებული ან სარწყავი მაღალი კატეგორიის მიწების ფასი მნიშვნელოვნად მეტია. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან განსაკუთრებით ძვირად ფასობს ის მიწები, რაზედაც მრავალწლიანი კულტურების მოყვანაა შესაძლებელი. საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელობის მიხედვით გამოირჩევა რამდენიმე კულტურა: დასავლეთ საქართველოში ესაა თხილი, ციტრუსები და ზოგან ვენახი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ვენახი და ზოგან კაკლოვნები, აგრეთვე, ტრადიციულად, სხვადასხვა სახის ხილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში თანდათანობით ფეხს იკიდებს ისეთი კულტურების მოვლა-მოყვანა, რომლებიც არ იყო ტრადიციული ჩვენი ქვეყნისთვის. ესენია კივი, ლურჯი მოცვი, ჟოლო და ა.შ. იმ მიწების 1 ჰა-ს ფასი, სადაც ზემოაღნიშნული მრავალწლიანი კულტურების გაშენებაა შესაძლებელი, $50,000-იც კი შეიძლება იყოს.

ზემოთ დავასაბუთეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასის ზრდა არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ, თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, თუ როგორია საქართველოსა და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფასების შედარება, რადგან მათი არგუმენტი, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ლიბერალიზებას ემხრობა, ისიც არის, რომ ქართული მიწების ფასი არსებითად ჩამორჩება ანალოგიურ საერთაშორისო მაჩვენებლებს. ეს დამოკიდებულებაც ზერელეა და მის გასაბათილებლად საჭიროა საკითხის ღრმა ანალიზი. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ყველაზე ძვირია ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. ამასთან, აქ ყველაზე მაღალგანვითარებულია აგრარული სფერო. ამიტომ ჩვენს ყურადღებას მათ გარშემო შევაჩერებთ.

აშშ-ში 2014-2017 წლებში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის საშუალო ღირებულება $7,500[5] იყო. აშშ-ის მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით მესამედის ფასი 1ჰა-ზე $5,500[5] ან ნაკლებია, ხოლო მაქსიმალური ფასი კი $21,000[5] ან მეტი, რაც ნიუ-იორკის გარშემო შტატებსა და კალიფორნიაში ფიქსირდება. კატეგორიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 1 ჰა სახნავი მიწების საშუალო ფასი $10,000[5]-ია, ხოლო საძოვრისა კი $3,300[5].

ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასი ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. ყველაზე იაფი ის ღირს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში და ასევე რუმინეთში, ამ ქვეყნებში სახნავი მიწების საშუალო ფასი 2014 წლისთვის დაახლოებით $3000-$3300[2] იყო, ხოლო საძოვრისა კი $1700-$2600[2]. ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე უმაღლესი ფასების შესახებ ზემოთ უკვე გვქონდა მსჯელობა, ხოლო რაც შეეხება საშუალო ფასებს, ამავე პერიოდისთვის ის დაახლოებით $15000-$20000 ფარგლებშია.

აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე არსებული ფასები სულაც არაა დაბალი. მაგრამ, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რაოდენ დიდი დახმარება გაეწევა სოფლის მეურნეობის დარგს აშშ-სა და ევროკავშირში მაშინ შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარებამდე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ბიუჯეტმა 2016 წელს $156[6] მლრდ შეადგინა, ხოლო ხარჯებმა კი $148[6] მლრდ. ევროკავშირში 2014-2020 წწ. პერიოდში 2011 წლის ფასებით გათვალისწინებულია €362.79[7] მლრდ-ს დახარჯვა, საიდანაც €277.85[7] მლრდ დაიხარჯება „საერთო სასოფლო-სამეურნეო პროგრამაზე“, ხოლო €84.94[7] მლრდ „სოფლის განვითარების პროგრამაზე“. ცხადია, ასეთი უზარმაზარი საფინანსო დახმარება ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასის ზრდას და მსგავსი დაფინანსების შემთხვევაში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება იმის მტკიცება, რომ საქართველოში მაღალი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფასმა უკვე მიაღწია მაქსიმუმს. ფასის ზრდის შესაძლებლობა ამიერიდან ძირითადად სახელმწიფო სუბსიდირების სისტემურ პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული, რის გარეშეც აქ რენტაბელური და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი ფაქტობრივად ვეღარ გამოდგება სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, რადგან მასზე მოწეული პროდუქციის თვითღირებულება ძალიან მაღალი იქნება მიწის მაღალი ფასის გამო. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მიწის სტატუსის დროული და ადეკვატური ცვლილება, რადგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაბეგვრის სრულიად სხვა, შეღავათიან ველში ხვდება, რითაც ზარალდება ქვეყნის (ძირითადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების) ბიუჯეტი. რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, სადაც გადაწყდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, მათ კანონმდებლობით უნდა განუმტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სტატუსი, მისი შეცვლა კი ფაქტობრივად შეუძლებელი უნდა იყოს და ასეთი მიწების მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მიყიდვა უნდა გამოირიცხოს.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. David Ricardo, „Essay on the Influence of a Low Price of Corn on the Profits of Stock“ 1815
  2. EUROPEAN COMMISSION EUROSTAT - Agricultural Land Prices and Rents data for the European Union  2016
  3. https://www.myhome.ge
  4. ბადრი რამიშვილი, „დემოგრაფიული ტრენდი - თანამედროვე გლობალური გეოსტრატეგიული ლანდშაფტის უმნიშვნელოვანესი მდგენელი და მისი გავლენა საქართველოზე“ ეკონომიკა და ბიზნესი #1 2016
  5. USDA - Land Values 2017 Summary
  6. USDA - FY 2016 BUDGET SUMMARY AND ANNUAL PERFORMANCE PLAN
  7. 2014-20 Multiannual Financial Framework (MFF)
  8. პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი, ,,მიწა და სახელმწიფო“, ეკონომიკა და ბიზნესი, N1 2011